Wednesday, May 14, 2008

შეხვედრები

მაისიდან იწყება ქართული და უცხო ენების მასწავლებელთა საგნობრივი ქსელის კოორდინატორის შეხვედრები მასწავლებლებთან. შევეცდებით, შეხვედრები ისე დაიგეგმოს და გაიმართოს, რომ მოხდეს ცოდნისა და გამოცდილების მაქსიმალური გაზიარება. შეხვედრების ნაყოფიერებისათვის და შედეგიანობისთვის აუცილებელია მასწავლებელთა მხრიდან ინტერესი,ინიციატივის არსებობა, თანამშრომლობა და მსჯელობა საკითხზე - თუ როგორ გავაუმჯობესოთ სასწავლო პროცესი, თუ როგორ შეიძლება ხარისხის გაზრდა ისტ-ის ინტეგრაციის საშუალებით ამ პროცესში. ჩვენი მხრიდან შევეცდებით, მოგაწოდოთ თანამედროვე ტექნოლოგიების მიერ შექმნილი დამხმარე საშუალებები, აგიხსნათ თუ როგორ მუშაობს ესა თუ ის სისტემა, პორტალი, ვებგვერდი, როგორ გამოიყენოთ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენების სწავლებაში.

პირველ რიგში, წარმოგიდგენთ ჩვენი მუშაობის პრინციპს:

აუცილებელია აღინიშნოს, რომ სწავლების პროცესში ისტ ინტეგრაცია არ ხდება მასწავლებლებისთვის "მეტი პრობლემების შექმნის" მიზნით. თანამედროვე მსოფლიო მოითხოვს სპეციფიკურ ხელსაწყოებს, რის გარეშეც უკვე წარმოუდგენელია განათლების არსებობა. მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, სწავლების ეფექტურობაა და ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია ისტ-ის ყოველდღიურობაში დანერგვა. მაღალკვალიფიციური მასწავლებელი ვეღარ დაჯერდება მხოლოდ წიგნს და აუდიტორიას. თქვენსა და მოსწავლეს შორის მედიუმად აუცილებლად გამოგადგებათ თანამედროვე ტექნოლოგიები.

1. სასურველია გქონდეთ ელფოსტის მისამართი (რეკომენდებულია google-ის ფოსტა - gmail). შედით gmail-ის გვერდზე და გაიხსენით ახალი ფოსტა!) დღევანდელ ეპოქაში ელფოსტის ქონა არათუ სასურველი, აუცილებელიცაა! ფოსტა დაგეხმარებათ არა მხოლოდ ჩვენთან კონტაქტში, არამედ თქვენს მოსწავლეებთან სწრაფი, ეფექტური თანამშრომლობისთვის - დარწმუნებული იყავით, ბევრად გაგიადვილდებათ მათთან ურთიერთობა როგორც პროფესიულ, ასევე პიროვნულ დონეზე.

2. ალბათ გინახავთ ჩვენი ფონდის საიტი - www.dlf.ge. აქედან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია ახალი კონკურსებისა და ინიციატივების შესახებ.

3. სასწავლო პროცესში დიდ დახმარებას გაგიწევთ სასწავლო რესურსების საცავი LeMill, სადაც ჩვენი ჯგუფის სხვადასხვა ექსპერტების მიერ შექმნილია ინსტრუქციები თვით ლემილის და ასევე, სხვა ვებგვერდების მოხმარების შესახებ. საკმარისია ლემილის ძიებაში ჩაწეროთ სასურველი საძიებო სიტყვა და თქვენ უამრავ მასალას იპოვით (ამ პორტალის შესაძლებლობის დემონსტრირებას შეხვედრებისას დიდი დრო დაეთმობა).

4. ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის საინტერესო იქნება ამავე ბლოგზე გამოქვეყნებულ სტატიასთან გაცნობა.

No comments: