Showing posts with label შეხვედრა. Show all posts
Showing posts with label შეხვედრა. Show all posts

Thursday, June 12, 2008

ვარსკვლავთცვენა 186-ე სკოლაში

186 სკოლაში რუსულის ღია გაკვეთილის შემდეგ მიმიწვიეს ერთი კონკურსის დასკვნით გალა-კონცერტზე, რომელსაც იმ წუთას როგორც გავიფიქრე, ძალზე ხმაურიანი და ამბიციური სათაური ჰქონდა "Rising Star" (ამომავალი ვარსკვლავი).

კონცერტს მხოლოდ სათაური არ ჰქონდა ხმაურიანი - საკმაოდ ხმაურიანი და ემოციური აუდიტორიაც ჰყავდა.

გამომსვლელები კი - ცალკე თემაა. შემდეგ მასწავლებლებთან და დირექტორთან საუბარშიც ვიკითხე: რისი ბრალია ვარსკვლავების სიჭარბე ამ სკოლაში-თქო. კი, ჰაერი ნამდვილად შესაშურია დიდ დიღომში, მასწავლებლებიც - ინგლისურისა (ქალბატონი დარეჯანი) და ვოკალის (ქალბატონი ხათუნა) ნამდვილად გამორჩეულნი. მაგრამ შეუძლებელია არ აღინიშნოს ბავშვების განსაკუთრებული სილაღე და ნიჭიერება, ვოკალური მონაცემები, კოსტუმების სიმღერასთან და ხასიათთან შესაბამისობა....
როგორც უცხო ენების კოორდინატორმა, მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან შთამბეჭდავი იყო ბავშვების გამოთქმა და სიმღერის ტექსტის შეგრძნებისა და გადმოცემის უნარი. ვოკალის მასწავლებელი, ქალბატონი ხათუნა ძალიან ჩართული იყო პროცესში და გამომსვლელ ბავშვებს თანაბრად "დირიჟორობდა" და გულშემატკივრობდა.

გალა კონცერტი დამთავრდა ლეგენდარული ჯგუფი „Queen"-ის სიმღერით Show Must Go on, რომელიც სიმბოლური იყო და ამას ყველა გრძნობდა დარბაზში.

ამ კონკურსის ორგანიზატორი და იდეის ავტორი ქალბატონი დარეჯანია, რომელიც დიდი ენთუზიაზმით უდგება საქმეს და დიდი სიამოვნებით აღნიშნა, რომ "ბავშვები საოცრად გაიზარდნენ კონკურსის მიმდინარეობის რამდენიმე თვის განმავლობაში". ამ სკოლას იდეა აქვს ეს კონკურსი გაავრცელოს საბურთალოს რაიონის მასშტაბით, რასაც ძალზედ ვისურვებდით და მის ვირტუალურ ორგანიზება/პოპულარიზაციაში დიდი სიამოვნებით გავუწევდით დახმარებას.

Monday, June 9, 2008

რუსულის ღია გაკვეთილი 186 სკოლაში



ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ვსაუბრობთ პოლიტიკაზე. განსაკუთრებით რუსულ-ქართულ პოლიტიკაზე და დაძაბულ ურთიერთობებზე.
სკოლაც არ აღმოჩნდა გამონაკლისი - რუსულ-ქართული ურთიერთობები და ხიდჩატეხილობის პრობლემა იყო 186-ე სკოლის რუსული შოუ-გაკვეთილის თემა.
ეს შოუც იყო და გაკვეთილიც.
რამაც მართლა გამაოცა, იყო ხალასი იუმორი, ტექნოლოგიების უხვი ინტეგრაცია სასწავლო პროცესში (რამაც მე, როგორც "ირმის ნახტომის" წარმომადგენელი ძალიან გამახარა). მოსწავლეების მიერ დამზადებული პრეზენტაციებით, მოძიებული მასალითა და წარმოიდგინეთ, მოკლემეტრაჟიანი თითქმის მხატვრული ფილმებით იყო მთელი შოუ-გაკვეთილი ილუსტრირებული.
ამ გაკვეთილზე ერთი ტენდენციაც გამოიკვეთა - რუსული ენა ისეთივე უცხო ენადაა ქცეული, როგორიც ინგლისური, ფრანგული ან გერმანულია დღეს.

Wednesday, May 28, 2008

შეხვედრა 24-ე სკოლაში

შეხვედრაზე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის 10 უცხო ენების მასწავლებელი მოვიდა. შეხვედრას ამ ეტაპზე მონოლოგის ხასიათი ჰქონდა. მასწავლებლებმა ნახეს პრეზენტაცია ისტ-ის სასწავლო პროცესში. მოხდა სხვადასხვა ინსტრუმენტებისა და რესურსების გაცნობა, ბლოგის პრეზენტაცია. განსაკუთრებული ინტერესი გაჩნდა კონკრეტული რესურსის მიმართ: www.livemocha.com ეს რესურსი მრავალენოვანია და რამდენიმე ენის შესწავლას ემსახურება.
მასწავლებლებმა შეავსეს საკუთარი გამოცდილებისა და ასევე მომხსენებლის შესაფასებელი კითხვარები.

Friday, May 23, 2008

შეხვედრა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის უცხო ენების მასწავლებლებთან

სამშაბთს, 27 მაისს 3 საათზე ჩატარდება შეხვედრა დიდუბე-ჩუღურეთის მასწავლებლებთან. ეს არის უცხო ენების კოორდინატორის პირველი შეხვედრა უცხო ენების საგნობრივი ჯგუფის ქსელის მასწავლებლებთან.

შეხვედრის თემა:
  • მასწავლებლების გაცნობა;
  • საქართველოში უცხო ენების სწავლების პრობლემატიკა და ძირითადი სირთულეები;
  • ისტ ინტეგრაცია სასწავლო პროცესში ზოგადად - თანამედროვე პროცესები და ტენდენციები;
  • მასწავლებელთა საზაფხულო კონფერენცია
  • ისტ ინტეგრაცია უცხო ენების სწავლებაში;
  1. ინტერნეტი
  2. სასწავლო ინსტრუმენტები
  3. სასწავლო რესურსები
  • ინიციატივები და მათი განხორციელების მეთოდები;
  • სასწავლო რესურსების საცავი "ლემილის" გაცნობა (მისი მიზანი და დანიშნულება);
  • საქართველოში უცხო ენების სწავლების პრობლემატიკა და ძირითადი სირთულეები (დიალოგი მასწავლებლებთან, კითხვარის შევსება, გამოხმაურება/სურვილები).